თუ თქვენი მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება.
მოთხოვნის სასურველ ფორმას თავად ირჩევთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით. მონაცემთა დამმუშავებელი კი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, ანუ დამუშავების დროებით შეჩერება. დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაცემთა დამმუშავებელი, მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მონაცემთა დამუშავება ხდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მაგრამ მონაცემები არასწორია. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი გასწორება. ეს ავტომატურად არ გულისხმობს ძველი არასწორი მონაცემების წაშლასა და განადგურებას, შესაძლოა უბრალოდ მითითება გაკეთდეს წინა ჩანაწერის შეცდომაზე.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ ეს მოთხოვნა ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება. თუ მონაცემთა დამუშავება ხდება კანონის დაცვით და მონაცემთა დამმუშავებლი კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ მოთხოვნა არამართლზომიერია, მას შეუძლია ის არ დააკმაყოფილოს.