როგორ მოვითხოვო პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა?

პირდაპირი მარკეტინგი არის მომხმარებლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საფოსტო გზავნილით, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით, ან უშუალო კომუნიკაციით საქონლის, მომსახურების, დასაქმების შეთავაზება.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემები შეიძლება დამუშავდეს, თუ

  • მოქალაქემ განაცხადა წერილობითი თანხმობა;
  • ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ ან ორგანიზაცია კანონიერად ფლობს ამ მონაცემებს

 

ხშირად საკუთარი მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაზე კომპანიებს თავად ვთანხმდებით - მაგალითად, დაგროვებითი ბარათის შევსებისას მაღაზიას ვაძლევთ უფლებას გამოგვიგზავნოს შეტყობინებები, მობილურ ოპერატორს ვრთავთ ნებას გამოიყენოს ჩვენი ტელეფონის ნომერი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის, ვხდებით რა ბანკის კლიენტი, ვთანხმდებით მას საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნაზე და სხვა.

კომპანიებს ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენება მაშინაც შეუძლიათ, თუ ეს ინფორმაცია საჯაროდაა გამოქვენებული. მაგალითად, თუ ტელეფონის ნომერი ყიდვა-გაყიდვის საიტზე გაასაჯაროვეთ, ელექტრონული ფოსტა ღიად მიუთითეთ ფეისბუქის გვერდზე და სხვა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა თანხმობა ორგანიზაციას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების გამოყენებაზე, თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება უარი თქვათ მასზე - იმავე ფორმით რა ფორმითაც მოხდა შეთავაზება, ან სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებებით.

მაგალითად, სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს უარის თქმის მექანიზმი და მკაფიო მითითება იმაზე თუ როგორ შეუძლია მოქალაქეს სარეკლამო შეტყობინების მიღების შეწყვეტა - ე.წ. SMS OFF; ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში წერილს უნდა ახლდეს ე.წ. Unsubscribe მექანიზმი.

თქვენ გაქვთ უფლება მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით (ზეპირი, წერილობითი) მოსთხოვოთ, შეწყვიტოს თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენება. კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენება თქვენი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, რა მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ და ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; გაქვთ  უფლება იცოდეთ, ვინ არის მარკეტინგის განახორციელებელი, რა წყაროდან მოიპოვა თქვენი მონაცემები და რა საფუძვლით.

 

თუ კომპანია არ გაწვდით შესაბამის ინფორმაციას, უარის მიუხედავად აგრძელებს სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას, უარის თქმის მექანიზმი არ მუშაობს ან მიგაჩნიათ, რომ თქვენი მონაცემები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული, მოგვმართეთ.