პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად: თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო, ვიდეო ჩანაწერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური მონაცემია ასევე ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის, შემოსავლების, ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვა.
არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან. განსაკუთრებულ კატეგორიაში შედიას, ასევე, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს „ჩვეულებრივი“ მონაცემებისგან ის განასხვავებს, რომ კანონით მათი დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტია დაწესებული და წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციაც უფრო მკაცრია.