მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები

საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 110-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა მოქმედებს და ის თანაბრად ვრცელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებზე. კანონი მონაცემთა დამმუშავებლებს არაერთ ვალდებულებას აკისრებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული სანქციები, მათ შორის ჯარიმაა გათვალისწინებული.

 

თქვენ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული ხართ:

 

  • მონაცემები დაამუშავოთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და კანონით დადგენილო პრინციპების დაცვით;
  • უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ინფორმაციის მიღებისას, მიაწოდოთ მას ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის ვინაობა და რეგისტრაციის მისამართი; მონაცემთა დამუშავების მიზანი; სავალდებულოა თუ არა მონაცემთა მიწოდება და თუ სავალდებულოა, მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოთ ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების, მიზნის, მონაცემთა შეგროვების საშუალებებისა და დამუშავებული მონაცემების მოცულობის შესახებ;
  • გააცნოთ მონაცემთა სუბიექტს თავისი უფლება მის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მიღების, მისი გასწორების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნაზე;
  • დაიცვათ და უზრუნველყოთ მონაცემთა უსაფრთხოება - გაატაროთ ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო ან შემთხვევითი გამოყენებისა და დაკარგვისაგან;
  • აღრიცხოთ მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;
  • უზრუნველყოთ უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დასაცავად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, თუ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებთ უფლებამოსილი პირის მეშვეობით;
  • კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემისას წინასწარ მიიღოთ ნებართვა;
  • აწარმოოთ ფაილურ სისტემათა კატალოგი, ფაილური სისტემის შექმნამდე ან მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე ინფორმაცია მიაწოდოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.