მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს და საშუალებებს.
მონაცემთა დამუშავება თავის მხრივ, არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც პერსონალური მონაცემების მიმართ ხორციელდება: შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, გამოყენება, გამჟღავნება, მესამე პირისთვის გადაცემა, გავრცელება, წაშლა, განადგურება და სხვა.
მაგალითად, თუ თქვენ მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი მომხმარებლის ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს და საბანკო ბარათის მონაცემებს იმახსოვრებს და ბაზაში ინახავს, ეს პერსონალური მონაცემების დამუშავებაა.
მონაცემთა დამუშავებაა „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით“ საუბრის ჩაწერა, მომხმარებლისთვის სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, შენობაში შესვლა-გასვლის აღრიცხვა, სამუშაო ადგილის, ან შენობის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალი.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაა, მაგალითად, თქვენი უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სტუმრების ფოტოგადაღება და ფოტოების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსება.
როდესაც ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ, ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და არა დამოუკიდებლად, მონაცემთა დამმუშავებლად რჩება მისი დამსაქმებელი დაწესებულება.
მონაცემთა დამმუშავებელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მისი სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე (მაგალითად, ექსპერტი, აუდიტი ან ადვოკატი ) და არა პირადი მიზნით.
მონაცემების დამუშავება შესაძლებელია უფლებამოსილი პირის მეშვეობითაც. უფლებამოსილი პირი არის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ახალი პროდუქტის შესახებ მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით აცნობოთ და SMS-ების გასაგზავნად კომპანია დაიქირავეთ - ის თქვენი უფლებამოსილი პირია.
უფლებამოსილი პირი მონაცემებს ამუშავებს სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების ფარგლები, მონაცემთა გამოყენების მიზნები, მონაცემთა უსაფრთხოების ზომების მიღების ვალდებულება. თუ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობები გათვალისწინებული არ არის, პასუხისმგებლობა შესაძლოა მონაცემთა დამმუშავებელს დაეკისროს.
მონაცემთა დამმუშავებელთან დავის წარმოშობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე გადასცეს მონაცემთა დამმუშავებელს მის ხელთ არსებული მონაცემები. უფლებამოსილი პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მონაცემთა დამმუშავებელს.