რა არის პერსონალური მონაცემები?

პერსონალურია ნებისმიერი მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად, თქვენი თანამშრომლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული, მისი ანაზღაურების ოდენობა. პერსონალური მონაცემია მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა, რომლითაც ის თქვენი მომსახურების მისაღებად რეგისტრირდება; მისი საბანკო ანგარიშის ნომერი, როდესაც ონლაინ ყიდულობს თქვენს პროდუქტს.

პერსონალურ მონაცემებს შეიცავს ის ვიდეოჩანაწერიც, რომელიც თქვენს მიერ დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ გადაიღო, მიმოწერა, რომელიც თქვენსა და მომხმარებელს შორის ელექტრონული ფოსტით შედგა.

არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან. განსაკუთრებულ კატეგორიაში შედის, ასევე, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს „ჩვეულებრივი“ მონაცემებისგან ის განასხვავებს, რომ კანონით მათი დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტია დაწესებული და წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციაც უფრო მკაცრია.