ქალაქ ტირანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის 28-ე საგაზაფხულო კონფერენცია მიმდინარეობს

ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მოქმედების ტერიტორიული არეალი, ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამართალდამცავ და სასამართლო სექტორში - ალბანეთის ქ. ტირანაში ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე წარმოადგენენ.

თამარ ქალდანმა იტალიელ, ბრიტანელ და ფინელ კოლეგებთან, ასევე, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო პანელში, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებას ეძღვნებოდა. თამარ ქალდანმა კოლეგებს ამ მიმართულებით საქართველოს პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.

გარდა ამისა, ყოველწლიური საგაზაფხულო კონფერენციის ფარგლებში დისკუსიები დაეთმო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მოქმედების ტერიტორიულ ფარგლებს, ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის მოდერნიზების საკითხს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას სამართალდამცავ და სასამართლო სექტორში. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წინაშე არსებული გამოწვევების და სხვა საკითხების შესახებ.

ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რიგით 28-ე კონფერენციას ალბანეთის ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის კომისრის აპარატი მასპინძლობს.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.