პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში - ამომრჩევლის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით რეკომენდაციებზე მუშაობა დაიწყო

ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება ხმის მიცემის პროცესში, მოკლე ტექსტური შეტყობინებები პოლიტიკოსებისგან, გამოკითხვები მოქალაქეთა განწყობის დადგენის მიზნით - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივით საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არსებული გამოწვევები, საუბარი შეეხო სამაგიდო სიებში არსებული მონაცემების დამუშავების საკითხებს, მოქალაქეთა ინფორმირებას წინასაარჩევნო გამოკითხვების პროცესში და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ისეთი ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო და ყველა შემდგომი არჩევნების პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლების მიზნითაც.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.