ინსპექტორის 2017 წლის ანგარიში იურიდიულმა კომიტეტმა დადებითად შეაფასა

გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიში 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს. ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ანგარიში იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა.

2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობის რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.

გაზრდილია გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და მოქალაქეთა აქტიურობაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. გაუმჯობესებულია ორგანიზაციების ინფორმირების დონეც. გასულ წლებთან შედარებით, პროგრესია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებისა და შენახვის ვადების თვალსაზრისით.

კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს 270 სხვადასხვა ბიზნეს პროცესი შეისწავლა, მათ შორის, შემდეგ ორგანიზაციებსა და სექტორებში:

დამატებით, აპარატმა კერძო ორგანიზაციებს 1500 -ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან აცილება.

რაც შეეხება საჯარო ორგანიზაციებს, ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, მესამე პირებისათვის გადაცემის 115 ფაქტი შეისწავლა. საჯარო უწყებებს აპარატმა გაუწია 900-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია.

სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობისას ინსპექტორის აპარატმა, როგორც განცხადებების განხილვის, ასევე ინსპექტირებების ფარგლებში მონაცემების კანონიერება 77 შემთხვევაში შეისწავლა, კერძოდ:

19 შემთხვევაში ორგანიზაციებს შეეფარდათ ჯარიმა, 4 შემთხვევაში - გაფრთხილება, 23 შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ინსპექტორის აპარატმა სამართალდამცავ ორგანოებს 130-ზე მეტი კონსულტაცია გაუწია.

რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის სტატისტიკურ მაჩვენებელს, აპარატში შემოვიდა მოსამართლის 699 განჩინება ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ.

2017 წლის 31 მარტამდე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმობა არ გაიცა 4 შემთხვევაზე. 2017 წლის აპრილიდან შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 21 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. ინსპექტორის აპარატმა 10 განჩინებში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის თაობაზე აცნობა კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილ ორგანოს. ხარვეზი აღმოფხვრა კანონით დადგენილი წესით, შესაბამის ვადაში.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დააკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში.

2017 წლის განმავლობაში აპარატმა შეისწავლა 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების პროექტი, არაერთ საკანონმდებლო აქტზე მომზადდა დასკვნა და რეკომენდაციები. საქართველომ უმასპინძლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) მე-19 სხდომას.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა არაერთი ღონისძიება და კამპანია, რომლებზე წვდომამ ჯამში 600 000-ს გადააჭარბა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და დაიწყო მუშაობა ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის.

იურიდიულმა კომიტეტმა ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა. დოკუმენტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.