ვიდეოთვალთვალი

ვიდეოთვალთვალის სისტემები იქცა მონაცემთა დამუშავების გავრცელებულ სახედ, რის გამოც საჭირო გახდა ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება.

ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას აუცილებელია გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების და ვიდეოჩანაწერებზე შეზღუდული წვდომის უზრუნველყოფა, ხოლო მასალის შენახვისას აუცილებელია პროპორციულობის პრინციპის დაცვა და მათი შენახვა მხოლოდ მიზნის მისაღწევად საჭირო ვადით. ვიდეოჩანაწერი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის არამართლზომიერი გამოყენებისაგან.

! მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

ვიდეოთვალთვალის განხორციელება ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ქუჩაში (მათ შორის, პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილებში) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის;

ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.

კერძო ორგანიზაციების მიერ შენობის ვიდეოთვალთვალი

კერძო ორგანიზაციებს ვიდეოთვალთვალის სისტემის საშუალებით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების მონიტორინგი პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.

ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი.

სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.

კერძო ორგანიზაციაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის განხორციელების და მისი უფლებების შესახებ.

! ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.