პირდაპირი მარკეტინგი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი აქტუალურია პირდაპირი მარკეტინგის ისეთ ფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავების საშუალებით. მაგალითად, ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების შეთავაზება.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემები შეიძლება დამუშავდეს, თუ
  • მოქალაქემ განაცხადა წერილობითი თანხმობა;
  • ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან.
მონაცემების შეგროვების მიზნის მიუხედავად, ორგანიზაციებმა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ შემდეგი მონაცემები:
  • სახელი და გვარი,
  • მისამართი,
  • ტელეფონის ნომერი,
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი,
  • ფაქსის ნომერი.

სუბიექტის უფლებები და დამმუშავებლის ვალდებულებები

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:

  • იცოდეს მონაცემთა შეგროვების წყარო, მარკეტინგის განმახორციელებლის ვინაობა, მონაცემთა დამუშავების მიზანი და კანონიერი საფუძველი;
  • იცოდეს, რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ და ნებისმიერ დროს მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
  • მოითხოვოს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა თანხმობა გაცემული) იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელება მარკეტინგი ან გამოიყენოს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება;
  • უარი განაცხადოს მისი მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემაზე;

! თუკი მარკეტინგის განმახორციელებელი არ უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცვას და მონაცემთა სუბიექტი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები მუშავდება არაკანონიერად, პირს უფლება აქვს მისი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მიმართოს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ასევე სასამართლოს.

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია:

  • მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მონაცემების მოპოვების წყაროზე;
  • მომხმარებელს მიაწოდოს მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს მომხმარებლის შესაძლებლობა, მოითხოვოს მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება ასეთი მოთხოვნისათვის (მაგალითად, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისას მიუთითოს შესაბამისი სატელეფონო ნომერი ან ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა);
  • მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
  • შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (შეწყვიტოს მაშინაც კი, თუკი პირდაპირ მარკეტინგს ახორციელებს სარეკლამო კომპანიის მეშვეობით), რაც გულისხმობს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტას.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.