ვიდეოთვალთვალი

ვიდეოთვალთვალი გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ქუჩებში, შენობებში, ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით ხდება ადამიანთა გადაადგილების, საქმიანობის ვიდეოგადაღება და, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ჩანაწერების შენახვა. ვიდეოთვალთვალის სისტემები იქცა მონაცემთა დამუშავების გავრცელებულ სახედ, რის გამოც საჭირო გახდა ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

  • ქუჩაში (მათ შორის პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილზე) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის პრევენციის, პირის უსაფრთოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებულნი არიან თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისგან და გამოყენებისგან.
  • სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოების, საკუთრების ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. საჯარო და კერძო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
  • საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების გარე პერიმეტრისა და შესასვლელის ვიდეომონიტორნგი შესაძლოა განხორციელდეს, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანია მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის. საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებულნი არიან თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად.
  • საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის, შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ უნდა ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობით, ხოლო უშუალოდ ბინის მონიტორინგი დაუშვებელია.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.