ინსპექტორი

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი 2013 წლის ივლისში შეიქმნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინსპექტორი ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.

მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
  • საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ინსპექტორის საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა და დაცვა, დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.

2013 წლის 1 ივლისს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა თამარ ქალდანი.

დაბადების თარიღი: 1981 წლის 23 თებერვალი

სამუშაო გამოცდილება:

- 2013 წლიდან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
- 2008-2013წ. - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე/ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი;
- 2005-2007წ. - ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", სამართლის პროგრამის კოორდინატორი;
- 2004წ.-კორძაძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი;
- 2003-2004წ. - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე/კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი;
- 2002-2003წ. - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის პროგრამის სამართლებრივი მრჩეველი;
- 2002წ. - დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტი, კონსულტანტი;
- 2000-2001წ. - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რეგიონების განვითარების პროექტის კოორდინატორი;

მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, სასწავლო პროგრამაში, ტრენინგსა თუ რეგიონალურ პროექტში იურიდიული დახმარების, საპროცესო უფლებების, ინფორმაციის თავისუფლების, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემებზე.

არის 10-მდე წიგნისა და ანგარიშის ავტორი და რედაქტორი, მათ შორის სამოქალაქო განათლების მე-10 კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშის „აგვისტოს ნანგრევებში“ გამოცემაზე პასუხისმგებელი პირი, „როგორც მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია“ პუბლიკაციის რედაქტორი.

2014 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხულობს ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში, თბილისის სახელმწიფო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებში.

განათლება:

  • 2007-2010წ. - კანადის მენეჯმენტის ინსტიტუტი/დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
  • 1998-2003წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა. მაგისტრთან გათანაბრებული

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.